ახალი ამბები
"სამუშაოების 80% შესრულებულია" - ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს
FaceBook
ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა.

როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. 

მათივე ცნობით, სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. 

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს უნდა დასრულდეს.
Print