ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მოკლე ჩართვა მოხდა
FaceBook
ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ადგილზე მცირე დაკვამლიანება იყო, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო, საპარტულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

''ცეცხლი არ გაჩენილა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქმის კურსში მაინც ჩავაყენეთ. სხვა დროს ბიბლიოთეკაში ასეთი შემთხვევა არ მომხდარა,''- ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი.


ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, წლებია რეკონსტრუქციას საჭიროებს.
შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ შენობის რეკონსტრუქციის საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.

ბოლოს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ხელისუფლებას 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ. მ.–ს შეადგენს.
Print