ახალი ამბები
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი შესაძლოა გაუქმდეს
FaceBook
"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს.

პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი ნორმით კი, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და მათ შეუფერხებელ და ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

"არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა, რაც თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად, მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას. ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს.

Print