ახალი ამბები
საქართველოში, მათ შორის იმერეთში, ტურებსა და მგლებს დაითვლიან - ტენდერი გამოცხადებულია
FaceBook
საქართველოში, ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შეფასების, ასევე მათი მართვის გეგმების შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის [NAT240005983] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი საქართველოს იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ანდა შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა. ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების პოპულაციებზე.

კერძოდ, კვლევები შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელდეს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი; დუშეთი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, ხელვაჩაური, შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხარაგაული, ხონი, გორი, ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ასპინძა.

კვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან.

„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება სადაც, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ მიზანს წარმოადგენს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების ჭარბი გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების პრევენციის გზით“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.

წინადადებების მიღება 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში უნდა შესრულდეს.



Print