ახალი ამბები
შსს არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიზნით გერმანული მოდელის დასანერგად მუშაობს
FaceBook
არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, გერმანული მოდელის დასანერგად მუშაობს.
აღნიშნული მოედელი დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანების სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანას გულისხმობს, საიდანაც გამოსვლა პირს მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.

ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, არასრულწლოვანებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა მათი დაკავება და ციხეში ჩასმა არასწორია. 

"არასწორია, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი, მით უმეტეს 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად, გლდანის რაიონში, როდესაც სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას და ა.შ. ორი შემთხვევა იყო ასეთი და დავაკავეთ. მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არის, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ",- განმარტა გომელაურმა. 

მისივე თქმით, გერმანული მოდელით, რომელზეც იუსტიციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად მუშაოებენ, დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს ცალკე საცხოვრებლებში მოათავსებენ, სადაც სახლის პირობები იქნება შექმნილი.

"ვმუშაობთ, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები წინა წლებთან შედარებით მომატებულია.
Print