ახალი ამბები
ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული ისევ იყიდება
FaceBook
ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიყიდა, ისევ აუქციონზე გაიტანეს. 
ტყიბულის მერიაში გვითხრეს, რომ აუქციონში გამარჯვებულს, რომელმაც სოფელ მანიჭორში მდებარე 21,421 კვ.მ.  კუნძული შეიძინა, მერიისთვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არ მიუმართავს, შესაბამისად, კუნძული გასაყიდად ისევ გაიტანეს. 

კუნძულის საწყისი  ფასი 120 ათასი ლარია.

აუქციონი 25 მარტს სრულდება.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია.

ამასთან, ახალ მფლობელს ევალება:

ტერიტორიის მოწესრიგება;

ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე სამი კუნძულის გასაყიდად ტყიბულის მერიამ სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა. გამარჯვებულები 28 დეკემბერს გამოვლინდნენ.

315,018 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე კუნძული 1,701 მლნ ლარად კომპანია „ემ&ეს“-მა იყიდა, ხოლო  31,828 კვადრატულის მეტრის ფართობის კუნძული კომპანია „ემ კაპიტალმა“ 663 000 ლარად. 
Print