ახალი ამბები
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივების თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მათი კერძო საკუთრების ქვეშ, მიწის სიღრმეში, წლების განმავლობაში, მადნის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებდა, რის გამოც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი მიწები.

სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ კომპანია, წლების წინ, კომპენსაციას დაჰპირდა, თუმცა ზარალის შესაბამისი თანხა არ მიუღიათ.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი დაკისრებული ვალდებულებები დაარღვია. ამიტომ, იძულებულები გავხდით ისევ გამოვსულიყავით ქუჩაში, რათა გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი და ჩვენი ოჯახები ნგრევისაგან“,- ამბობს სოფელ შუქრუთის მცხოვრები.

აქციის მონაწილეების თქმით, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კომპანიას მუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

„იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ. დაპირებული ვალდებულებები, რაც ჰქონდა ჩვენ მიმართ, არ შეასრულა და ისევ დავუბრუნდით პროტესტს. ასე ვიქნებით მანამ, სანამ ჩვენსას არ მოგვცემენ“,- განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საკითხთან დაკავშირებით "ჯორჯიან მანგანეზში" "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:

გასაიდუმლოებული დოკუმენტი და შეწყვეტილი პროტესტი - რა ხდება შუქრუთში შეთანხმების შემდეგ

შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

შუქრუთელებმა კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზთან'' მოლაპარაკება დაიწყეს

Print