ახალი ამბები
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
FaceBook
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა.

"საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძეს, ის ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამასთან, წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც.
Print