ახალი ამბები
"სავანეს" უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
საუბარია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე ყოფილ კაფეზე ''სავანე'', რომელიც ქუთაისის მერიამ დაახლოებით, 4 თვის წინ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაანგრია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შენობის დანგრევის შესახებ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ''სავანეს'' მფლობელებისთვის. ძმები ტურაბელიძეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.

''სხვა განაჩენს არც ველოდით. თავიანთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას უკანონოდ არ აღიარებდნენ. მომდევნო ინსტანცია უზენაესი სასამართლოა. საქართველოში ყველა საფეხურს გავივლით, რათა კორუმპირებული სასამართლოს სახე გამოჩნდეს და შემდეგ საერთაშორისო სასამართლოში წავალთ,''-ამბობს კაფის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

სააპელაციო სასამართლოში საქმე სამმა მოსამართლემ: ინდირა მარშანეიშვილმა, ირმა პერანიძემ და მალხაზ ჩუბინიძემ განიხილა.

ქუთაისის მერიასა და ''სავანეს'' მესაკუთრეებს შორის სააპელაციო სასამართლოში დავა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო. მანამდე ''სავანეს'' დემონტაჟის საკითხზე ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 16 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის ნებართვა გასცა. მანვე გამოიტანა დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა მერიამ. 2023 წლის 27 დეკემბერს ''სავანე'' ისე დაანგიეს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებასაც არ დაელოდნენ, სადაც კაფის მფლობელებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ქუთაისის მერიასა და ''სავანეს'' მფლობელებს შორის სასამართლო დავა ხუთი წლის წინაც მიმდინარეობდა. მაშინ დავის საგანი ის მიწა იყო, რომელზეც ''სავანე'' იყო აშენებული. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამიტომ კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


ამავე თემაზე:

რა მოიტყუა ქუთაისის მერიამ კაფე ''სავანესთან'' დაკავშირებით

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განხორციელებული დემონტაჟი - "სავანე" დაანგრიეს

"სავანეს" დემონტაჟი დაიწყო

ტრაქტორისტი გაიქცა - რა ხდება ყოფილ კაფე "სავანესთან"

"სავანეს" დანგრევაზე ტრაქტორის მძღოლმა უარი თქვა

"სავანეს'' მეპატრონეებმა დატოვეს სასამართლო პროცესი, სადაც დანგრეული შენობის დემონტაჟზე მსჯელობენ
Print