ახალი ამბები
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის ჯარიმების რაოდენობით ქუთაისის მეორე ადგილზეა
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 6 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 1 895 ჯარიმა, თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ. 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 - ბათუმში და 594 კი - რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 - მიკროავტობუსის, 212 - სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ. მიზანი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა.

Print