ახალი ამბები
ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს
FaceBook
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით სარგებლობა მოქალაქეებს მაისის თვიდან შეეძლებათ.
ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, მაისიდან, ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს არგვეთას კვანძთან შეუერთდება.

„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაგრძელდება სამუშაოები“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმაც დაათვალიერა. 

ზვიად შალამბერიძის თქმით, გაითვალისწინეს იმ ბიზნესის ინტერესები, რომლებიც ზესტაფონში ოპერირებენ, ამიტომ, რამდენიმე დღეში აუქციონი გამოცხადდება, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან, თუ სად გეგმავს სახელმწიფო ისეთი მოედნების მოწყობას, სადაც იგივე ბიზნესის განვითარების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნებათ.

"სპეციალური სავაჭრო მოედნები ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა",- განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

Print