ახალი ამბები
სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი თერჯოლის მცხოვრებია
FaceBook
იმერეთში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვლილი 21 წლის აჩი ბარდაველიძეა.
ის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში მცხოვრებია.

მომხდართან დაკავშირებით ოჯახში მედიასთან არ საუბრობენ, მეზობლები კი განმარტავენ, რომ ახალგაზრდა დილით გარდაცვლილი დახვდათ.

“არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ბრწყინვალე ოჯახის შვილი. საცოდავმა, ღამით დაიძინა და დილით გარდაცვლილი დახვდათ. მთელი რაიონი ვგლოვობთ”, - ამბობს მეზობელი.

პროკურატურის ინფორმაციით, აჩი ბარდაველიძემ კიდევ ერთ პირთან ერთად, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), შემდგომში გასაღების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა.

უწყების ცნობით, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. აღნიშნულის შემდგომ კი ნარკოტიკული საშუალება თავად მოიხმარეს, რის შემდგომაც ბარდაველიძე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დაინიშნა.

შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ბრალდებული კი 2 მარტს დააკავეს.

დაკავებული 20 წლის ანა გუდავა აჭარის კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას შვილია. გუდავამ დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა.

დაკავებულს კი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე აქვს წაყენებული, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


ამავე თემაზე:

იმერეთში, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარედგინა

სამტრედიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით, ერთი ადამიანი დაიღუპა

Print