ახალი ამბები
შოვში, სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი განთავსდება
FaceBook
კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად, მემორიალის დადგმა იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მემორიალის აღმართვისთვის ლოკაციის შერჩევის საკითხი განიხილეს.

მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარდ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც.

„შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების ( ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა",- განმარტავენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში. 

მათივე ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც არიან, გამოცხადდება კონკურსი. სწორედ კონკურსის წესით გამარჯვებული მაკეტის მიხედვით, დადგენილ ადგილზე, აღიმართება რაჭის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ. სტიქიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

შოვში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაიწყო, რაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

Print