ახალი ამბები
გელათში, ერთი წლის წინ, გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა, ისევ მიტოვებულია
FaceBook
ერთი წლის წინ, გელათის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა ერთი წელია უყურადღებოდაა დატოვებული.

"ამ ადგილზე ხშირად ამოვდივარ და გული მტკივა, როცა გელათის ეზოში დამწვარ შენობას ვხედავ. ნაგებობა საშინელ მდგომარეობაშია. უხერხულია, გელათის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც ჩვენი ეროვნული საგანძურია და რომლითაც თავს ვიწონებთ, განადგურებული შენობა იდგეს. ერთი წელი გავიდა იმ შემთხვევიდან, როცა კელია დაიწვა და ერთი წლის შემდეგაც არაფერია შეცვლილი. დავიჯერო აქაც ექსპერტია საჭირო რომ ეს მოაწესრიგონ?! ", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ილო ბენდელიანი. 



ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ამბობენ, რომ შენობის აღგენაზე პროექტის შედგენა მიმდინარეობს.

''პროექტი შედგენის ეტაპზეა და ყველაფერი მოგვარდება,'' - ამბობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტარციის წარმომადგნელი მოძღვარი მატათა ქარქაშაძე.

2023 წლის 16 იანვარს გელთის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობა თითქმის დაიწვა. მომხდარის შედეგად მძიმედ დაშავდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა არქიმანდრიტი  იოსებ ბურჯანაძე.

გელათის საკითხი წლებია შესწავლის პროცესშია. 2019 წელს, როცა მონასტერში გადახურვის სამუშაოები დასრულდა, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

ამავე თემაზე:

Print