ახალი ამბები
ჭიათურაში, სადგურის მიმდებარედ, საფეხმავლო ხიდი მოეწყობა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება.
ამ მიზნით, მერიას 663 087 ლარის  ღირებულების ტენდერი [NAT240002948] აქვს გამოცხადებული.

აღნიშნული ხიდი თავისუფლებისა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩებს შეაერთებს და სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების მიერ გაყოფილ ტერიტორიებს დააკავშირებს. ამასთან, ხიდს ექნება დამატებით კიბეების საშუალებით მისაწვდომობა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ხიდის განთავსების ადგილი რთული რელიეფით გამოირჩევა, რის გამოც თავისუფლების ქუჩიდან ხიდზე გადაადგილება პირდაპირ ტროტუარიდან იქნება შესაძლებელი. ხიდის მეორე მხარეს, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე გადაადგილება კი კიბეების საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ხიდზე მოეწყობა პანორამული ხედვის „ჯიბეები“, ასევე, ტურისტებისთვის განსაზღვრულია სივრცეები, სადაც  დასასვენებელი სკამები იქნება განთავსებული.   

„არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტით, ხიდის ძირითადი კონსტრუქცია შესრულდება ლითონის ფერმებით, ლითონისავე საყრდენი ბურჯებით რკინაბეტონის ბალიშებზე დაყრდნობით. ხიდის ძირითად არქიტექტურულ-ესთეტიკურ იერს ქმნის ლითონის ჩარჩო არკადა, რომელიც დინამიკაში მოყავს ამ ჩარჩო კონსტრუქციულ ელემენტების მორიგეობით რითმიკულ გადახრას თავისივე ცენტრის გარშემო, რაც ძალზედ საინტერესო კომპოზიციას გვთავაზობს. ეს არკადა აღჭურვილი იქნება განათების სისტემით, რომელიც იმართება DMX- პროტოკოლის მეშვეობით და უზრუნველყოფს ნათების ტიპის და ფერის დინამიკაში ცვლას, რაც ძალიან ეფექტური იქნება საღამო საათებში, პერიოდულობით სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად“,- აღნიშნულია პროექტში.



ადგილზე, სადაც საფეხმავლო ხიდი უნდა მოეწყოს, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი იყო, რომლის დემონტაჟიც ავარიულობის გამო განხორციელდა. ამიტომ, მოსახლეობას ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელად უწევს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.
Print