ახალი ამბები
"გვინდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს" - პრესის სახლის ყოფილი შენობის მეპატრონე
FaceBook
ქუთაისის ე.წ. პრესის სახლის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდეს.
ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს“ შენობის ახალმა მეპატრონემ მიხეილ ჩუბინიძემ განუმარტა.

იმის გამო, რომ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს, ჩუბინიძის თქმით, პროექტი სააგენტოსთან შეთანხმებულია.

„შენობა არ ინგრევა, რეკონსტრუქცია მოხდება. ახლა უკვე დავიწყებთ გარე სამუშაოებს, შეფუთვებს. სასტუმრო იქნება, გვინდა 5 ვარსკვლავიანი იყოს. დაახლოებით, ორწლიანი პროექტი იქნება“,- განმარტა მიხეილ ჩუბინიძემ.

ხუთსართულიან შენობაში, სხვადასხვა წელს, რამდენიმე მედიაორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ობიექტში ასევე საამქროები და პირველ სართულზე კაფე იყო მოწყობილი. 

"პრესის სახლის“ ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში, 3.14 მლნ ლარად გაასხვისა.

"100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის" ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 "ბიჯის" შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის "ლიონ დეველოპერის". მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირ N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები.

საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

"პრესის სახლი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ქუთაისსა და მის შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტები (25 მსხვილი ობიექტი) სააგენტომ პოტენციურ ინვესტორებს 2022 წლის 15 ივნისს წარუდგინა.


ამავე თემაზე:

შენობა არ დაინგრევა - "პრესის სახლის" ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო

"პრესის სახლის" ყოფილ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება - საპროექტო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა



Print