ახალი ამბები
ქუთაისელი ირაკლი თევზაძე „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გახდა
FaceBook
„სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ ქუთაისელი ირაკლი თევზაძე გახდა.
კონკურსში თავდაპირველად 200-ზე მეტ აპლიკანტი მონაწილეობდა, მათ შორის 25-მდე მონაწილე შეირჩა. შემდეგ კი 6 საუკეთესო პროექტის 8 ავტორი გამოავლინეს, რომელთაგან ცერემონიაზე საუკეთესო ელჩი გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონია  ორბელიანების სასახლეში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა.

მიღებული სტატუსის შემდეგ ირაკლი თევზაძე მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრება. 

''ძალიან საპასუხისმგებლო ჯილდო მივიღე გუშინ! ამ სტატუსის -სოციალური მეწარმეობის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი, ტარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
ბუნებრივია გამიხარდა და გულწრფელად ვიტყვი, ძალიან ამაღელვებელი იყო", - ამბობს ირაკლი თევზაძე. 

CSRDG-მა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 6 რეგიონში – ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში გამოავლინა. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

''იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზების პროგრამა''-ეს არის იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ირაკლი თევზაძემ იმერეთში განახორციელა და რომელმაც წლის საუკეთესო  ელჩის სტატუსი მოუტანა. პროექტის ფარგლებში მან ჩამოაყალიბა კლუბი, სადაც ატარებდა საინფორმაციო შეხვედრებს, ახალგაზრდებს აცნობდა სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, ეხმარებოდა მათ საკვანძო უნარების განვითარებაში და ა.შ. პროექტი 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. 

ირაკლი ამბობს, რომ მზადაა მის ახალგაზრდულ საქმიანობას უფრო მასშტაბური სახე შესძინოს. 

''ვგეგმავ, მეტი ადამიანისთვის გავხადო სოციალური მეწარმეობა ნაცნობი კონცეფცია. მეტს მოვუყვე მისი მაგალითების და შედეგების შესახებ,'' - ამბობს ირაკლი თევზაძე.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია: ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს გააცნონ სოციალური მეწარმეობა, დაეხმარონ ახალგაზრდებს პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
Print