ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო "სავანეს" საქმეზე გადაწყვეტილებას 7 მარტს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟის საკითხზე მიმდინარე პროცესები დასრულდა.
საუბარია ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეზე ''სავანე'', რომელიც დაახლოებით, 3 თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაანგრიეს.

უნდა დაინგრეს თუ არა ''სავანეს'' შენობა? - ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება 7 მარტს გამოცხადდება, მაშინ როცა ''სავანეს'' შენობა  ჯერ კიდევ გასულ წელს  აიღეს. 

საქმე სამმა მოსამართლემ: ინდირა მარშანეიშვილმა, ირმა პერანიძემ და მალხაზ ჩუბინიძემ განიხილა.

''სავანეს'' მფლობელების ადვოკატი ლელა ბანძელაძე ამბობს, რომ პროცესი ფორმალური ხასიათისაა და მასში იმ მიზნით მონაწილეობენ, რომ შემდგომში საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანონ.

''პესიმისტურად ვარ განწყობილი. მეეჭვება უკვე დანგრეულ შენობაზე გამოაცხადონ, რომ უკანონოდ დაინგრა. გავივლით ყველა პროცესს საქართველოში და საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიტანთ,''-ამბობს ლელა ბანძელაძე.

მისი თქმით, დღეს წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც ''სავანეს'' შენობის კანონიერებას ადასტურებს.

''ტექბიუროს მონაცემები წარმოვადგინეთ, სადაც შენობა შპს ''ნიკოლოს'' საკუთრებად არის რეგისტრირებული. ჩვენ მიმართული გვქონდა საჯარო რეესტრისთვის მოთხოვნით, დაერეგისტრირებინათ ''სავანე''  ცალკე უფლების ობიექტად. ეს აქტი ჩვენ არ ჩაგვბარებია, მაგრამ დოკუმენტი მერიის იურისტებმა წარმოადგინეს. ამ აქტში წერია, რომ საჯარო რეესტრმა შენობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციაზე უარი თქვა. მიზეზად კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითა. ანუ ისევ ამ სადავო გადაწყვეტილებას დაეყრდნო,'' - ამბობს ლელა ბანძელაძე. 

კაფის მფლობელის ირაკლი ტურაბელიძის თქმით, ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია, რომელიც მერიამ კაფის დანგრევის არგუმენტად გამოიყენა, ბევრს კითხვის ნიშანს ბადებს. კერძოდ, ესკიზების მიხედვით, საპირფარეშოს ადგილზე მედიათეკა უნდა აშენდეს, ეს საკითხი კი, ირაკლი ტურაბელიძის თქმით, არც საკრებულოს სხდომაზე ყოფილა გატანილი და სავარადოდ, ნებართვა არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან აქვთ მიღებული.

''როცა ის მიწა მიისაკუთრეს, რომელზეც ''სავანე'' იყო აშენებული, აცხადებდნენ, რომ კაფე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობდა, შესაბამისად, მის ქვევით არსებული მიწა იყო სკვერი და არა კერძო საკუთრება. თუ ეს ასეა, ის მიწაც სკვერია, რომელზეც საპირფარეშო დგას. ამ საპირფარეშოს ადგილზე კი მედიათეკის აშენებას აპირებენ. აქვთ ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული?, საკრებულოს სხდომაზე მსგავსი თემა არ გაუტანიათ,'' - ამბობს ირაკლი ტურაბელიძე.

მხარეებს შორის სააპელაციო სასამართლოში პროცესები 1-ლი თებერვლიდან დაიწყო. მანამდე ''სავანეს'' დემონტაჟის საკითხზე ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 16 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის ნებართვა გასცა. მანვე გამოიტანა დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა მერიამ. 2023 წლის 27 დეკემბერს ''სავანე'' ისე დაანგიეს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებასაც არ დაელოდნენ, სადაც კაფის მფლობელებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 

ქუთაისის მერიასა და ''სავანეს'' მფლობელებს შორის სასამართლო დავა ხუთი წლის წინაც მიმდინარეობდა. მაშინ დავის საგანი ის მიწა იყო, რომელზეც ''სავანე'' იყო აშენებული. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამიტომ კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


ამავე თემაზე: 
რა მოიტყუა ქუთაისის მერიამ კაფე ''სავანესთან'' დაკავშირებით

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განხორციელებული დემონტაჟი - "სავანე" დაანგრიეს

"სავანეს'' მეპატრონეებმა დატოვეს სასამართლო პროცესი, სადაც დანგრეული შენობის დემონტაჟზე მსჯელობენ

კაფე ,,სავანეს" ანგრევენ

ტრაქტორისტი გაიქცა - რა ხდება ყოფილ კაფე "სავანესთან"


Print