ახალი ამბები
ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს ქუთაისის სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
FaceBook
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ცოლზე ძალადობას ედავებიან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, საქართველოს პროკურატურა კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.



Print