ახალი ამბები
რა იცვლება ცენტრალურ ბულვარში - რა თქვა მგფ-ის ხელმძღვანელმა ქუთაისში
FaceBook
მას შემდეგ, რაც ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, მგფ-ის წარმომადგენელი ქუთაისში ჩავიდა. 

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ განმარტა, რომ ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მასში მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ, თუმცა, როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვერც ახლა დააკონკრეტა.

"მგფ უახლოეს პერიოდში აპირებს, დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა შესწავლა როგორც პარკის ინფრასტრუქტურის, ასევე დენდროლოგიური ნაწილის. თითოეული ხის ტაქსაცია მოხდა, რათა იყოს განსაზღვრული რა ხე-ნარგავების დამატება და შევსება შეიძლება აღნიშნულ პარკში, რომ არ დაირღვეს ის ფაუნა და ფლორა, რომელიც აქაა შექმნილი. ეს პარკი არის ისტორიული ძეგლი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის თავისი შინაარსით. შესაბამისად, არავითარი ცვლილება აზრობრივად პარკის გეგმარების არ მომხდარა",- განმარტა დავით ტაბიძემ.

მგფ-ს აღმასრულებლ დირექტორთან ერთად ქუთაისის მერი და მხარის პირველი პირებიც იმყოფებოდნენ. უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ბულვართან დაკავშირებით ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე ინფორმაცია არასოდეს მოუწოდებიათ. 

აღსანიშნავია, რომ ფონდის წარმომადგენლის დღევანდელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრიტიკული მედიებისთვის არ მოუწოდებიათ.

პროექტის არსებობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მასში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე შემოღებეს, თუმცა სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაასაჯაროვა.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტს მგფ ახორციელებს, სამუშაოებს კი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შპს "დაგი".

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - მგფ-მ პროექტის ესკიზები გაასაჯაროვა

ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
Print