ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა - ელოდებიან გეოლოგების დასკვნას
FaceBook
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გააქტიურებულმა მეწყერული პროცესებმა, სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.



მერიის ინფორმაციით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მიერ კი ადგილის შეფასების საფუძველზე დასკვნა მომზადდება.

როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები.

თებერვალში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყერულმა პროცესებმა პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. ნერგეეთში, ხულოსა და ქედაში კი სტიქია მსხვერპლით დასრულდა. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

6-7 თებერვალს, საქართველოში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, 300-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, სტიქიის ზონებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი ამ დრომდე რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. აქედან 2 ჯგუფი იმერეთში და ერთი კი, რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება.


Print