ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის ტენდერი შეწყვიტა
FaceBook
ქუთაისში კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული 2 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერი შეწყდა.

სახელმწიფო შესყიდვა (NAT230027620), სადაც წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყო და ხუთ დღეში უნდა დასრულებულიყო, 24 იანვარს ანუ ოთხ დღეში მერიამ თავადვე შეწყვიტა.

ტენდერი მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე ჩაიშალა.

''აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარება მიმდინარე შეკეთებას. შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიცავს რისკებს, რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარმა განიცადოს დეფორმაცია", - წერია სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე ატვირთულ შესყიდვის შეწყვეტის ოქმში.

უკვე შეწყვეტილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი იყო ტროტუარების და ბორდიულების განახლება, ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხების მოწყობა, განათების ბოძების დამონტაჟება, ჭების მოწყობა და სხვა სამუშაოები.


როგორ ჩანს, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 2 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები ისე დაგეგმა, რომ ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმებოდა, სრულყოფილად შესწავლილი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც იყო გამოკვეთილი მიზნობრივი საჭიროებები.

ის, რომ ქუჩაზე კანალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ.

"პატარა წვიმის დროსაც კი იჭედება", - ამბობენ ისინი.

კოტავას ქუჩა, სადაც სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, კახიანაურის, საფიჩხიისა და მუხნარის სამაჟორიტარო ოლქს ეკუთვნის.

ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში მაგდა კოსტავა ამბობს, რომ ქუჩის სარეაბილიატციო სამუშაოებზე ტენდერი ისევ გამოცხადდება.

''ტენდერი იმიტომ გადავადდა, რომ წყლის კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ძირეულად გამოეცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რათა ყველაფერი სრულყოფილად გაკეთდეს. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, ტენდერი მალე გამოცხადდება. როგორც ვიცი, ამ ტენდერში წყლის კომპანია მერიასთან ერთად ჩაერთვება და პროექტი თანამონაწილეობით განხორციელდება", - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.

წყალმომარაგების კომპანიაში კი გვითხრეს, რომ კომპანია საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მერიამ პრობლემის შესახებ, ტენდერის შეწყვეტის შემდეგ მიმართა. გამოდის მერიას ქუჩაზე არსებული კანალიზაციის პრობლემა გვიან გაახსენდა და გამოცხადებული 2 მილიონამდე ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩა წლებია რეკონსტრუქციას საჭიროებს, მაგრამ ქუჩის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა. კოსტავას ქუჩის სარეკონსტრუქციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 870 ათას 837 ლარი იყო გამოყოფილი.
Print