ახალი ამბები
ქუთაისში, მარტიდან, სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი აშენდება. 
სამუშაოებს შპს "ბი დი სი მოდერნ ჰაუსი", 554 600 ლარის სანაცვლოდ, შეასრულებს, რომელმაც ტერმინალის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში [NAT230014938] გაიმარჯვა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, პროექტირებაზე მუშაობა უკვე დასრულდა, მარტიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 

სატვირთო ტერმინალი, დღესდღეობით, მხოლოდ თბილისის აეროპორტს აქვს. ამდენად, რეგიონში საჰაერო გადაზიდვების კუთხით ახალი წერტილის გაჩენას კერძო სექტორში დადებითად აფასებენ.

EASY Charter-ის დირექტორი და დამფუძნებელი რატი ძერია, რომლის ავიაკომპანიაც მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის საჰაერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, მიიჩნევს, რომ სატვირთო ტერმინალი ყველა აეროპორტს სჭირდება, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავებისა და აეროპორტისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, ამასთან, სამუშაო ადგილებსაც გააჩენს. 

"ის ავიაკომპანიები, რომლებიც დღეს დაფრინავენ ქუთაისში, საერთოდ ვერ ატარებენ ტვირთს. ეს მათთვის არარსებული სეგნეტია. ვინაიდან დღეს მხოლოდ თბილისის აეროპორტია ერთადერთი ტვირთვის მიმღები თუ გამგზავნი, ფოთიდან თბილისამდე ტრანსპორტირება კი გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული (ფასი და დრო), ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოირიცხება",- განმარტავს რატი ძერია "ბიემჯისთან". 

ის მიიჩნევს, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა, თუ მის ტერიტორიაზე გაფართოვების შესაძლებლობის გამო, ქუთაისის აეროპორტს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია განვითარებისთვის, ვიდრე თბილისის. ამიტომ ძერიას სატვირთო ტერმინალის ქუთაისში აშენება სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. 

"როცა საქართველოს ტრანზიტულ როლზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მულტიმოდალური გადაზიდვების პრინციპი. დღეს აქტიურად გამოიყენება სახმელეთო თუ სარკინიგზო, სარკინიგზო თუ საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთთანამშრომლობა, მაგრამ ავიაცია აქ ნაკლებად არის ჩართული. ამიტომ ქუთაისის აეროპორტის სიახლოვე ფოთის, ბათუმის, უახლოეს მომავალში ალბათ ანაკლიის პორტთან, დიდ პოტენციალს აძლევს ამ აეროპორტს. ავტობანის დამთავრება კი უფრო დაახლოვებს აეროპორტსა და პორტებს ერთმანეთთან. ამიტომ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა ამ ტერმინალის ქუთაისში აშენება",- განმარტა რატი ძერიამ. 

ქუთაისის აეროპორტში გაფართოვების სამუშაოები ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებაზე მუშაოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას შეუწყობს ხელს.



Print