ახალი ამბები
წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშო მერიამ აუქციონზე გაიტანა
FaceBook
ქუთაისში, წითელ ხიდთან მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომლის მოწყობაც ჯერ კიდევ გასულ წელს დასრულდა და ამ დრომდე დაკეტილი იყო, აუქციონზე ახლა გაიტანეს. 
საუბარია წითელი ხიდის მიმდებარედ არსებულ ტუალეტზე, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაახლოებით ერთი წლის წინ ააშენა. ობიექტის იჯარის ფორმით გაცემის ნებართვაზე კი საკრებულომ განკარგულება გასული წლის ნოემბერში გასცა.

აღსანიშნავია, რომ მერიას აუქციონზე აღნიშნული ობიექტი, ავტომშენებლის ქუჩაზე არსებულ ტუალეტთან ერთად აქვს გატანილი და 7 200 ლარად ასხვისებს (საწყისი ფასი).

როგორც სააუქციონო პირობებშია მითითებული, გამარჯვებული პირი ვალდებულია, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ობიექტში საზოგადოებრივი საპირფარეშოს ამოქმედება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს. ამასთან, სავალდებულოა, მოეწყოს ცალ-ცალკე განყოფილებები ქალთა და მამაკაცთათვის, სადგომი საპირფარეშოს ფორმით. 


ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე  საზოგადოებრივი საპირფარშეო 

ცნობილია ისიც, რომ ობიექტები საიჯაროდ 2 წლიანი ვადით გაიცემა. ამასთან, აქციონის პირობების თანახმად, სავალდებულოა საპირფარეშოები იყოს მუდმივ მზადყოფნაში, ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვით.

"ერთჯერადი მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა შეთანხმებული უნდა იქნას ქონების მესაკუთრესთან. აუქციონში გამარჯვებულმა ქირის გადახდა უნდა უზრუნველყოს ყოველთვიურად, საბოლოო ფასის პროპორციულად. აუქციონში გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაითვლება საანგარიშო წლის ბოლო თვეების საიჯარო ქირის ოდენობაში",- მითითებულია სააუქციონო პირობებში. 

იმის გამო, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, წლების განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ქუთაისში, ტუალეტების პრობლემის მოგვარება, "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშო "მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ააშენა.

ფალიაშვილის ქუჩაზე, რუსთაველისა და წითელ ხიდებს შორის არსებული საპირფარეშოს პროექტი 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. საპირფარეშო შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

რაც შეეხება ავტოქარხანაში მდებარე საზოგადოებრივ საპირფარეშოს, ის წლებია, მოუვლელია და ანტისანიტარიის კერად არის ქცეული.

ქუთაისში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, თუმცა, ამ დროისთვის, მოსახლეობა ვერცერთ მათგანს იყენებს. აქამდე ტუალეტი მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ფუნქციონირებდა, მაგრამ, ის, ამჟამად, სარეაბილიტაციოდ შემოსაზღვრულია.

ქუთაისის მერიას საპირფარეშოების გასხვისების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ობიექტებით არავინ დაინტერესდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ტუალეტის გაიჯარებას გეგმავს

ქუთაისის მერია წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშოს ასხვისებს

ქუთაისში, წითელ ხიდთან მდებარე, თვეების წინ აშენებული საპირფარეშო ჯერაც არ გაუხსნიათ

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში საზოგადოებრივ საპირფარეშოს აშენებს




Print