ახალი ამბები
ქუთაისში, ორი ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
FaceBook
პროკურატურამ, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 15 თებერვალს, ქუთაისში, ავტომობილით მოძრაობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ორ ქვეითს დაეჯახა.

პროკურატურის ცნობით, ერთი მათგანი დარტყმის შედეგად მარჯვენა მხარეს გადავარდა, რა დროსაც მას საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მოძრავი მეორე ავტომობილი შეეჯახა. ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, 15 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა. დაღუპულია ორი ქვეითი.

ამავე თემაზე:

"ჩაბნელებულია ტერიტორია, ამიტომ ხშირია ავარიები" - რა ხდება აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ქვეითები დაიღუპნენ

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითი ემსხვერპლა

Print