ახალი ამბები
"მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება 7 ოჯახის სახლები“ - სააგენტოს ანგარიში ნერგეეთზე
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია, შესაბამისად,  განგაშის სისტემის მოწყობა (აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით), დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.

„ნერგეეთში, მეწყერის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, მეწყერის მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად, კვლევის მიხედვით, ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81 მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა ფიქსირდება.

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე.

„მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი. ამ სახლების გარდა, მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, 7 თებერვალს, ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, სოფელ ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე მონიტორინგული დაკვირვებები გრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფ. ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა.

მეწყრული სხეული ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობამ საშუალოდ 150 000-160 000 მ3.

მეწყერმა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა დააზიანა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს. სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანგარიში შედგენილია საველე გეოლოგიური (მათ შორის ინსტრუმენტული) კვლევების, საფონდო (ისტორიული) მასალების, აერო-ფოტო და საექსპერტო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე. 

Print