ახალი ამბები
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, მზის ფოტოელექტრო სადგური მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისათვის 100 კილოვატიანი სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგურის მოწყობა იგეგმება.
ამ მიზნით ქალაქის მერია 228 971 ლარის  ღირებულების ტენდერს [NAT240002895] აცხადებს.

აღნიშნული შესყიდვა პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში განხორციელდება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებშია მითითებული, ფოტოელექტო სადგურები დღეისათვის აქტუალურ თემას წარმოადგენს, რომელთა მოწყობის შემთხვევაში ნებისმიერო კომპანია ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზდით ახორციელებს.

„ფოტო-ელექტროსადგურის ფუნქციონალობიდან გამომდინარე, განხილული იქნა ქსელური ტიპის სისტემის დამონტაჟება, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია ენერგო-პროს ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას და ისევე როგორც გასცემს, ასევე მიიღებს ელექტროენერგიას“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 4 თვეში უნდა დასრულდეს.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული, სამუშაოების შესრულების პროცესში მშენებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების დაყენება.

ამასთან, მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 20 თებერვალს იწყება და 23-ში სრულდება.

ქუთაისში, მზის ფოტოელექტრო სადგურის მოწყობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ 7 000 ლარის ღირებულების ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც შპს "მაელმა" გაიმარჯვა. 

მზის ენერგია, ყველა სხვა ტრადიციული ენერგიის წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად ამოუწურავი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

საქართველოს მზის ენერგიის მიღებისა და გამოყენების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს. უმეტეს რაიონში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში 1900-2200 საათს შეადგენს.

საქართველოში მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი 110მგვტ-მდე სიმძლავრითაა შეფასებული, რაც წლიურად 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ექვივალენტურია.
Print