ახალი ამბები
ქუთაისში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს
FaceBook
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქუთაისში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 2023 წელს, გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში, სქესობრივი კავშირის დროს, ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო.

„ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა“,- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, ბრალდებული დააკავა.

მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ნახეს.

დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.


Print