ახალი ამბები
შენობების ფასადებზე თვითნებური წარწერებისა და სტიკერებისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები
FaceBook
ქუთაისის მერიამ, შენობების ფასადებზე თვითნებურად შესრულებული წარწერებისა და სტიკერების გაკვრისთვის, 9 თვეში, 6 პირი დააჯარიმა.

სამართალდარღვევის დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით კი "ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციაში" მოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ქუთაისიპოსტის“ მიერ მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, „მუნიციპალური ინსპექციის“ სამსახურმა, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, შემდეგი სახის სამართალდარღვევის ფაქტები დააფიქსირა:

ქუთაისის ოპერის თეატრისა და ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ბოძზე სტიკერების გაკვრა;

სამხატვრო გალერეის კედელზე, ქუთაისის N01 საჯარო სკოლის ფასადსა და ბულვარში, თეთრ კოლონადებზე თვითნებურად შესრულებული წარწერები;

სახვითი ხელოვნების გალერეისა და ფალიაშვილის ქუჩა No2/ რუსთაველის გამზ. No8-ში არსებული შენობის ფასადზე თვითნებურად შესრულებული ნახატები და ასევე, ვანდალიზმის ფაქტები
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ყველა ზემოხსენებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით "მუნიციპალურ ინსპექციაში" მოკვლევა მიმდინარეობს და სამართალდამრღვევი პირების დადგენისთანავე კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გატარდება.

კითხვაზე: იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც კამერები არ არის დაყენებული, ვიდეოთვალის დამატება, მერიაში გვიპასუხეს, რომ კამერების მოწყობა სკვერების რეაბილიტაციის დროს ეტაპობრივად მოხდება.

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანებისთვის მოქალაქეების დააჯარიმებასთან დაკავშირებით დადგენილება ქუთაისის საკრებულომ გასული წლის ივნისში მიიღო.

დადგენილების მიხედვით, ვინც მოახდენს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას, 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციულ პაუსიხისმგებლობას „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ აკისრებს.

ქუთაისის სკვერებსა და პარკებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ინვენტარების დაზიანებას ადგილი ხშირად აქვს. ვანდალიზმის აქტის ჩამდენები, უმეტესად, არასრულწლოვნები არიან. ბოლოს ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, "მონპლეზირის" თაღთან არსებული კედლის მხატვრობა დააზიანეს.

მთავარი ფოტო: არჩილ გეგენავა


Print