ახალი ამბები
6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციებს მიიღებენ
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზადდება დოკუმენტაცია, რათა 6-7 თებერვალს მომხდარი სტიიქიის შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა კომპენსაციები მიიღონ.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ სამძიმარი გამოუცხადა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებმა ეფექტურად იმოქმედეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. 

„გასული კვირა ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის.  როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე.

დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რათა გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. სტიქია მსხვერპლით დასრულდება ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.

ამავე თემაზე:


ტრაგედიის მესამე დღე ნერგეეთში - მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა

ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
Print