ახალი ამბები
"ქუთაისში განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო" - კობახიძე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდაზე
FaceBook
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის განსაკუთრებული საჭიროება ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში არსებობს.
ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდის საკითხსაც შეეხო.

კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ ქალაქებში ბიუჯეტის ზრდის აუცილებლობა ფუნქციური და ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარეობს. 

“მუნიციპალიტეტის დონეზე ბიუჯეტის ზრდაზე იყო საუბარი [დეპუტატების მიერ] და ცალკე იყო ნახსენები რუსთავი, ქუთაისი და ფოთი. მე გეთანხმებით, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო, ამ ქალაქების ფუნქციებიდან და ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე. შეგვიძლია, ამაზე ერთად აქტიურად ვიმუშაოთ”, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით გაგრძელდება “განახლებული რეგიონების” პროექტიც, რომელიც 2024 წელს მეორე ფაზას ასრულებს. ამასთან, კობახიძის განმარტებით, "აქტიურად იმუშავებენ რეგიონების ფისკალურ დეცენტრალიზაციაზეც". 

ქუთაისის, ისევე როგორც სხვა ქალაქების ბიუჯეტი, ყოველწლიურად მზარდია. ოღონდ ეს მატება ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯებისა და  სახელფასო ფონდი ზრდის ფონზეა განპირობებული. რადგან,  მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისათვის ხელფასები ბოლო სამი წელია მზარდია.

2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტი 115 მილიონ 510 700 ლარის ოდენობით დაამტკიცეს, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 14 მილიონით მეტია.



Print