ახალი ამბები
ფასადის შეკეთება კორპუსის გამაგრების ნაცვლად - მოსახლეობის პროტესტი და ჩაშლილი ტენდერი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერია იმ კორპუსის ფასადის შეკეთებას გეგმავდა, რომელიც იერსახის მოწესრიგებაზე მეტად გამაგრებას საჭიროებდა.

საუბარია რუსთაველის გამზირზე მდებარე ( N110; 112; 114) კორპუსზე. აღსანიშნავია, რომ ერთი კორპუსია, რომელსაც სამი დამისამართება (ნომერი) აქვს მინიჭებული. 

აღნიშნული შენობის ფასადის მოსაწესრიგებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT230002783) ისე გამოაცხადა, რომ პროექტი  მოსახლეობასთან არ შეათანხმა. შედეგად, ადგილობრივები წარმოდგენილი პროექტით სამუშაოების შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ, რასაც ტენდერის შეწყვეტა მოჰყვა.


რუსთაველის გამზირი N112

''ამ პროექტის მიხედვით, ბათქაში უნდა ჩამოეყარათ. ეს კი ძალიან საშიშია, რადგან ბინა ძველი აშენებულია და სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. ამას სჯობდა გამაგრება დაეწყოთ, რაც ამ კორპუსს ნამდვილად სჭირდება,''-ამბობს რუსთაველის გამზირი N112-ის მცხოვრები ლელა კობერიძე.

პროექტი, რომელითაც მერია ფასადის შეკეთებას გეგმავდა, შენობაზე არსებული ბუნებრივი ქვის მოხსნას, ქვიშა-ცემენტის კარნიზის ჩამონგრევას, ლითონის მოაჯირის გაკეთებას და სხვა სახის სამუშაოებს მოიცავდა. ეს კი, ადგილობრივების თქმით, შენობას ავთენტურობასაც დაუკარგავდა.

''შენობა ეკლის ქვით არის მოპირკეთებული. ასეთი ქვით ქალაქში სულ რამდენიმე შენობაა, ამიტომ სხვა მასალის გამოყენებას ვერ დავუშვებდით. კორპუსმა ისტორიული იერ-სახე უნდა შეინარჩუნოს,''- ამბობს რუსთაველის გამზირის N112-ის ერთ-ერთი მცხოვრები.

რუსთაველის გამზირი

მერიაში ადასტურებენ, რომ რუსთაველის გამზირი (N110; 112; 114) კორპუსის ფასადის მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, რატომ არ შეათანხმეს პროექტი ადგილობრივებთან, ან ჰქონდათ თუ არა შენობის მდგრადობა შესწავლილი. 

ქუთაისის მერიამ  2023 წელს, 409 075 ლარის ღირებულების ელეტრონული ტენდერი (NAT230002783) გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვის  ვებგვერდზეც მითითებულია, რომ ის შეწყდა. მერიის მიერ ატვირთული დოკუმენტაციითაც  დასტურდება, რომ ტენდერის შეწყვეტის მიზეზი მოსახლეობის პროტესტი გახდა. 

რეალურად საჭიროებდა თუ არა შენობა ფასადის შეკეთებას ან   გეგმავენ თუ არა კორპუსის გამაგარებას, მერიიდან მოგვწერეს, რომ:

''მერიაში არ ფიქსირდება მომართვაში აღნიშნული ქონების მესაკუთრეთა მომართვა ან/და საექსპერტო დასკვნა, რომელიც აღწერს ან/ და ადასტურებს მათ საკუთრებაში არსებული ქონების კონსტრუქციული არამდგრადობის შესახებ თქვენს მიერ აღწერილ ინფორმაციას", - წერია  ჩვენთვის გამოგზავნილ  წერილში. 

თუმცა, მოსახლეობას მერიისთვის არც ფასადის შეკეთებაზე მიუმართავს. მიუხედავად ამისა, ტენდერი მაინც გამოაცხადეს. 

2023 წელს ქუთაისში მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციისათვის 2 721 520 ლარი დაიხარჯა.
Print