ახალი ამბები
უსაფრთხოების რისკების გამო, ჭიათურაში სამი მაღარო დროებით დაიხურა
FaceBook
"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამი მაღარო დროებით დახურა.
მიზეზი ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება გახდა, რამაც სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა.

კერძდ, მაღაროების მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერული ნაპრალები შეიმჩნეოდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, ობიექტები დაიხურა.

"ბევრი სამწუხარო შემთხვევა მოხდა ქვეყანაში მეწყერის გამო ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, გაუარესებული ამინდის გამო, დავხურეთ სამი მაღარო, სადაც შეიმჩნეოდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერული ნაპრალები“, - განმარტავენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, მაღარო მუშაობას მას შემდეგ გააგრძელებს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება.

6-7 თებერვალს მოსული სტიქია საქართველოში მსხვერპლით დასრულდა. ხულოსა და ქედაში ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში კი მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი და ერთი 20 წლის გოგოა. 20-მდე მოქალაქე კი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს. 

რთული მდგომარეობაა სურამსა და ქვიშხეთშიც, სადაც მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დაზიანდა სახლები, დაშავებული არავინაა. სურამში კი, სადაც მეწყრული პროცესები გასულ ღამეს, ზინდისის დასახლებაში განვითარდა, ამ დროისათვის 40 ოჯახია ევაკუირებული. ადგილზე მუშაოებენ გეოლოგები.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მხოლოდ იმერეთში, მეწყერული პროცესი 50-მდე ლოკაციაზე განვითარდა.


ამავე თემაზე:

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში




Print