ახალი ამბები
ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს
FaceBook
6-7 თებერვალს მოსული ძლიერი წვიმის და ქარის  შედეგად, მეწყერი, ნერგეეთის შემდეგ, ზესტაფონის რვა ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩამოწვა.
კერძოდ, შროშის სოფელ საწაბლეში ტექნიკა ამ წუთებშიც მუშაობს და პერიმეტრი ჩამოსული მიწის მასისგან იწმინდება. გარკვეულ ტერიტორიებზე კი გეოლოგებს ელოდებიან.

„არის ისეთი მონაკვეთები, სადაც ტექნიკის შეყვანამ, შეიძლება, უფრო გამოიწვიოს მეწყრული პროცესები. ამიტომ, ველოდებით სპეციალისტებს, რომ შემდეგ ვიმოქმედოთ შესაბამისად“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.



ძლიერი ქარისა და რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 120 საცხოვრებელი სახლის, 12 მრავალსართულიანი კორპუსის, 3 სკოლის, 6 საბავშვო ბაღისა და 1 ბიბლიოთეკის შენობის სახურავი დაზიანდა.

ამასთან, სტიქიამ 15 ლოკაციაზე წააქცია მრავალწლიანი ნარგავები, რამაც ელექტროენერგიის ბოძების, ხაზებისა და კომუნიკაციების დაზიანება გამოიწვია. მწყობრიდან გამოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდ-ბოგირები. მოსახლეობას შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.

როგორც ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა. ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში კი მერიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული მუშა ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვას ახდენენ. 

უხვმა ნალექმა პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში კი სტიქია მსხვერპლით დასრულდა. მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, აქედან სამი არასრულწლოვანია, ერთი კი 20 წლის გოგო. 


ამავე თემაზე:


ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში



Print