ახალი ამბები
ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის სრული რეაბილიტაცია აღარ იგეგმება
FaceBook

ქუთაისის სამხატვრო გალერეაში საგამოფენო დარბაზის რემონტი დასასრულს უახლოვდება.


დარბაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქუთაისის მერიამ დააფინანსა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს "ტოკი" აწარმოებს 84 300 ლარის სანაცვლოდ.

თუმცა გალერეის დირექტორმა ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. იგი შეუვალი და პრინციპული აღმოჩდა  მედიისთვის „უწყინარი“ ფოტოს გადაღების უფლების შეზღუდვაში, სამაგიეროდ, ეგუება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება წლებია ჰპირდება გალერეის სრულ რეაბილიტაციას და დაპირებას არ ასრულებს. რის გამოც უნიკალური ფონდები რჩება არასასურველ პირობებში, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს.


სრულ რეაბილიტაციასთან დაკაშირებული პროცესები თითქოს დაიწყო 2022 წელს, მაგრამ მალევე შეწყდა.

სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი დაწუნებული პროექტი გახლდათ.

შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აი ჯი ეიჩ"-ი მუშაობდა. მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევითი სამუშაოები და შეემუშავებინათ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული კონცეფცია. 

სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმებოდა, როგორც გარე ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.

გათვალისწინებული იყო მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.

"აი ჯი ეიჩ"-მა პირველი ეტაპი - საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატარა.  მეორე ეტაპზე კომპანიას პროექტის კონცეფცია უნდა შეემუშავებინა.  სწორედ ეს პროექტი დაუწუნეს "აი ჯი ეიჩ"-ს და მასთან  კონტრაქტი გაწყვიტეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მაშინ  განმარტავდნენ, რომ კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი კონცეპტ-დიზაინი არ მოიწონა როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა. 

ქუთაისიპოსტმა ფონდიდან გამოითხოვა აღნიშნული პროექტის ასლი, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიმარტეს, რომ კონტრაქტორი კომპანიისგან ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი ჩაუბარებია.

ფონდისვე ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის დამტკიცებულ პროექტებში გალერეის სრული რემონტის პროექტი გათვალისწინებული არ არის.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #8-ში გალერეის შენობა 1976 წელს აშენდა.

კოლექციაში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გალერეა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი გალერეაში 18 ექსპონატს აქვს.
Print