ახალი ამბები
"კორპუსი თავზე გვენგრევა" - ახლადაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N 38-ში მდებარე დევნილთა კორპუსში, სადაც მოსახლეობა ჯერ მხოლოდ სამი წელია ცხოვრობს, წვიმის შედეგად რამდენიმე ბინა დაიტბორა.
წვიმის მცირე ნალექზეც კი, კორპუსის მცხოვრებლებს წყალი როგორც კედლებიდან, ასევე სახურავიდან შესდით,  რის გამოც,  დაზიანდა როგორც მთლიანი  (12 სართიულიანი შენობა ) კოპრუსის  ერთი კედელი, ასევე, რამდენიმე ოჯახს სრულად  დაეტბორა ოთახები. 


მეთერთმეტე  სართულზე მცხოვრები ნათელა დავითაის სახლის კედელი

''განსაკუთრებით, მე-12 და მე-11 დერეფნებში ერთი ამბავია. ჩემთან ფანჯრის  რაფები სასწაულ დღეშია. სახურავზე პარაპეტები დაცილებულია. სამი წელიც არაა ჯერ რაც ეს ბინა მივიღე. ორ წელიწადში მგონი კედლიანად გავალთ გარეთ,'' - ამბობს  ტაბიძის #38-ში  მცხოვრები ლალი წოწორია, რომლის საცხოვრებელი ფართი შესული წვიმის შედეგად დაიტბორა. 


დევნილები ამბობენ, რომ  ბინებში წვიმის ჩასვლის  პირველი შემთხვევა არაა. მათი თქმით, პრობლემამ შესახლებიდან, დაახლოებით, ერთ წელში იჩინა თავი. როგორც ისინი ამბობენ,  12 სართულიანი კორპუსის სახურავი თხელი მასალით არის დახურული, რის გამოც,  მცირე ნალექზეც  მობინადრეებს  წყალი  ჩასდით.


მეცხრე სართულზე მცხოვრები  ზემფირა ჯოლოხავას  ბინის კედელი

ისინი ამბობენ, რომ  განცხადება როგორც დევნილთა შტაბში, ასევე  მერიაშიც  შეიტანეს, თუმცა, ამ დრომდე მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. 

"ვისაც სახლები დაგვეტბორა და საშინელ ოთახებში გვიწევს ცხოვრება. ავეჯი, იატაკი სულ დაგვილპა. ამის ამსახველ ფოტოებს მივაკრავთ განცხადებას და კიდევ ერთხელ შევიტანთ. ამ კორპუსში იმდენი და ისეთი პრობლემაა, რომ ჩვენი ხარჯებით შეუძლებელია ამის მოგვარება. კორპუსი თავზე გვენგრევა", -  კორპუსში მცხოვრებლები.  

დაინტერესედებიან თუ არა მერიაში დევნილთა კორპუსში არსებული პრობლემებით, მერიაში გვითხრესს, რომ აღნიშნული კორპუსის გადასახურად ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელიც ჩაიშალა. ამჟამად კი, მერიის ინფორმაციით, მუშაობა ახალ ტენდერზე მიმდინარეობს.

დევნილთა კორპუსში არსებული პრობლემებით დაინტერესების პირობა დადო  უბნის მაჟორიტარმა თემურ ნადირაძემ. 

''ადგილზე მივალ და  ვნახავ რა  ვითარებაა. შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდები მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დავეხმარო. დავუკავშირდები მშენებელ კომპანიას და გავიგებ საგარანტიო ვადა სადამდე ჰქონდათ,'' - ამბობს თემურ ნადირაძე.

12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს "აღმაშენებლი ქუთაისი"-მა ააშენა. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ გუბელაძე ამბობს,  რომ კორპუსში არსებულ  პრობლემებზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს. 

"ერთი წელი გვქონდა საგარანტიო ვადა და სამი წელი გავიდა, რაც კორპუსში დევნილები შესახლდნენ. ასე რომ, ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ,'' - ამბობს  ზურაბ გუბელაძე. 


მთავარ ფოტოზე  ნათელა დავითაიას ბინა
Print