ახალი ამბები
სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა
FaceBook
6 თებერვალს მოსული სტიქიის შედეგად, იმერეთში, 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები დაზიანდა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზარალი გვაქვს ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და მაღალმთიან აჭარაშიც.


თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ბარნაბიშვილის განმარტებით, ამ წუთებშიც იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები, პარალელურად, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ასევე, გრძელდება სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

„რაც შეეხება ზარალის მოცულობას, მუნიციპალიტეტები ჯერაც ითვლიან ზარალის ოდენობას და მასშტაბებს. მინდა, გითხრათ, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე“,– განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

რამდენიმედღიანმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. მოგლიჯა ხეეები, დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და შენობების სახურავები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კი მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.


ამავე თემაზე:




Print