ახალი ამბები
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოყვა.
შემთხვევა, სოფელ ნერგეეთში, გვიან ღამით მოხდა. 

ამ დროის მონაცემებით, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.



"ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი. აქედან გამომდონარე, დღის ბოლომდე, დიდი ალბათობით, უნდა დავასრულოთ სამუშაოები",- განმარტა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი.


Print