ახალი ამბები
დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოვიდა.
აღნიშნულის გამო გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზეც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.



Print