ახალი ამბები
"ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიდგომა ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებაში ლოიალურია" - საიას ანგარიში
FaceBook
''ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ ქუთაისის, თბილისის და ბათუმის სასამართლოების მიდგომა ლოიალურია,''-ასეთია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიგნება, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია ასახული.

ანგარიში 2022 წლის  ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

საიას იურისტების მიუთითებენ, რომ ოჯახური ძალადობის საქმეში მოსამართლეები აღკვეთის ღონისძიების სახით უფრო ხშირად იყენებენ გირაოს, ვიდრე პატიმრობას.

დოკუმენტის თანახმად,  81 პირის საქმეზე, რომელიც ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა, 47 შემთხვევაში მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა, 30 შემთხვევაში კი - პატიმრობა.  გარდა ამისა, ერთ  პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცვევის შესახებ, ხოლო 3 შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსამართლეები ოჯახში ძალადობის საქმეებზე წინა წელთან შედარებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 9%-ით ნაკლებად იყენებენ  პატიმრობას; გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ით გაიზარდა. ასევე, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სასამართლო ჯეროვნად ვერ აფასებს ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე მოსალოდნელ საფრთხეებს.

ანგარიშის დღეს, საიას ქუთაისის ფილიალში გამართულ პრეზენტაციაზე  იურისტებმა  ასევე აღნიშნეს, რომ ხშირად მოსამართლეებს არ აქვთ სრული ინფორმაცია მოძალადის მიერ განხორციელებულ წინა ძალადობრივ ქმედებებზე, რაც იურისტების ვარაუდით, შესაძლოა, ლოიალური მიდგომის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს.

"ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეები სასამართლო სისტემის გამოწვევაა, ეს განსაკუთრებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეხება, რადგან ბათუმის და თბილისის სასამართლოებთან შედარებით აქ ყველაზე ხშირად გამოიყენება აღკვეთის სახით გირაო, პატიმრობის ნაცვლად, ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ. აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად მივმართავთ პროკურატურას, რომ მეტად დაასაბუთოს აღკვეთის ღონისძიება, ასევე შეისწავლოს მოძალადის ეკონომიკური მდგომარეობა. სასამართლო სისტემას მივმართავთ, რომ რომ იხელმძღვანელონ მსხვერპლის უსაფრთხოებით,'' - ამბობს ორგანიზაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი.

რაც შეეხება ზოგადად დანაშაულებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს იყენებს: გირაოს და პატიმრობას.

ანაგრიშის მიხედვით, 844 სასამართლო სხდომაზე, რომელსაც საია დააკვირდა, ბრალდების მხარე 310 (98%)პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების  ანუ პატიმრობის გამოყენებას.  სასამართლომ 189 პირს გირაო შეუფარდა, 112 ადამიანს კი - პატიმრობა. მხოლოდ 2 პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება.

დოკუმენტში  მითითებულია, რომ  81 ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო დაუსაბუთებელი იყო. თანხის ოდენობა და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა კი თანხვედრაში არ მოდიოდა.

ანგარიში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.
Print