ახალი ამბები
ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონზე მეტი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში, ხორავას #2-ში მდებარე ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ მიზნით, ქუთაისის მერია, 2 მილიონ 056 631 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერს [NAT240002267] აცხადებს.

შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული საჩოგბურთო კორტების ინფრასტრუქტურის შექმნა.

კერძოდ, იგეგმება სათამაშო მოედნებზე ოთხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის ჰარდის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო მოედნის მოწყობა. დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები (12 ცალი) და პროჟექტორები (48 ცალი).

რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და ინტერიერის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოებიც.

ამასთან, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ორი წყლის დასალევი ფანტანი, ოთხი ცალი ნაგვის ურნა და ორი ურბანული სკამი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 18 თებერვალს იწყება და 23-ში მთავრდება.


Print