ახალი ამბები
ქუთაისის მერია, წელს, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებას გეგმავს
FaceBook
ქუთაისში 40 ერთეული სატრანსპორტო საშუალების, როგორც ავტობუსის, ისე მიკროავტობუსის დამატება იგეგმება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოსთვის ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, რამდენიმე ერთეულის დამატება იგეგმება.

"იმისათვის, რომ განვახორციელოთ სრული მოცვა ქალაქის, დაახლოებით 40 ერთეული სატრანსპორტი საშუალებაა საჭირო. აქ განიხილება როგორც ავტობუსი, ისე მიკროავტობუსი. ამიტომაც გვაქვს მოლაპარაკება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მიმდინარე წელს, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სრულ რაოდენობას ამისას შევიძენთ, მაგრამ გვინდა, რაღაც ნაწილი მაინც რომ შევისყიდოთ“, - განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა. 

მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის ისეთ ადგილებში დაინიშნება, სადაც აქამდე რთულად მისაწვდომი იყო. 

„არის ადგილები, სადაც, სამწუხაროდ, მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ახერხებს ჩვენი თანაქალაქელების მოცვას. ეს არის საფიჩხია, გორა, ავტოქარხნის რამდენიმე უბანი. ასევე, ნიკეა, სადაც გვინდა შიდა საუბნოშიც შევიდეს (მარტო ცენტრალურ გზაზე დადის ამ ეტაპზე). ასე რომ, ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ეს ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა მერმა. 

ქუთაისში ამ დროისთვის 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი და 10 ერთეული მიკროავტობუსი მოძრაობს. 





Print