ახალი ამბები
"ვმუშაობთ, "მადლიერების სახლის " ახალი პროექტზე "- ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის „მადლიერების სახლი“ გაიყიდება, აღებული თანხით კი ახალი შენობა აშენდება, სადაც "მადლიერების სახლთან" ერთად, სოციალური სამსახურიც განთავსდება.
ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შენობის პროექტზე მერიის არქიტექტურის სამსახური მუშაობს, მაშინ როცა ქონება აუქციონზე ჯერ გატანილი არ არის. 

„გვაქვს მოსაზრება, "მადლიერების სახლის" პრივატიზაცია მოვახდინოთ, მანამდე კი ვმუშაობთ იმისათვის, რომ პროექტი გვქონდეს, თუ როგორი იქნება ახალი მადლიერების სახლი, ის შენობა, სადაც უნდა განთავსდეს სოციალური სამსახურიც. ჩვენი არქიტექტურის სამსახური მუშაობს პროექტზე და პირველი მონახაზი ამ შენობის გვაქვს“,- განმარტა მერმა.

მისივე თქმით, „მადლიერების სახლი“ იმ დათქმით გასხვისდება, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნულ შენობაშია, ახალი ობიექტის აშენებამდე აქ გააგრძელებს მუშაობას, ანდა ამისთვის ალტერნატიულ ფართს გამოძებნიან.

„იქნება დათქმა, რომ გარკვეულ ვადაში ვერ დავუთმობთ ინვესტორს ამ ადგილს, იმიტომ რომ უნდა მოხდეს ახლის აშენება, ან თუ შევძელით და მოვიძიეთ ალტერნატიული ფართი იმისათვის, რომ სოციალური სამსახური, სხვა სამსახურები, რომლებიც იქ არიან და რაც მთავარია მადლიერების სახლის სასადილო გადავიტანოთ, მაშინ ეს ინვესტორთან მოსალაპარაკებელი თემა იქნება და შესაძლებელი იქნება ადრიანად დავცალოთ და გადავცეთ მას“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ორსართულიან შენობაში, "მადლიერების სახლთან" ერთად, ამ დროისთვის, შპს "ქართული ტრადიციები 2011", მერიის სოციალური სამსახური, "წითელი ჯვარი" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული. 

მერიის განცხადებით, შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. 

ქუთაისის "მადლიერების სახლს“ 650 ბენეფიციარი ჰყავს.

ამავე თემაზე:

რატომ იყიდება ქუთაისის "მადლიერების სახლის" შენობა - მერიის განმარტება

"ეს არის მერის მორიგი ახირება" - "მადლიერების სახლი" გასაყიდი ობიექტების ნუსხაში შეიტანეს







Print