ახალი ამბები
დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ ტერიტორიაზე, ერთი წლის წინ დაანონსებული ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები, ახლა დაიწყო. 
"იმ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტის უკან მდებარეობს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ ტექნოლოგიური ჰაბის განთავსების კუთხით. დაწყებულია გზის რეაბილიტაცია, თვითონ შენობის რეაბილიტაცია",- განმარტა ქუთაისის მერმა საკრებულოს სხდომაზე. 

მოწესრიგდება გარე ტერიტორიაც, სადაც პროექტის მიხედვით, მოეწყობა ყოფილ ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი რკ/ბეტონის საფარიანი გზა (40 საპარკინგე ადგილით), გარე განათება და სარეკრეაციო (სასეირნო) სივრცე. 

პროექტით გათვალისწინებულია, ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სამი შესასვლელის რეაბილიტაცია და 1 ახალი შესასვლელის მოწყობაც. 

როგორც ადგილზე გვითხრეს, ამ დროისთვის გარე პერიმეტრზე მოზვინვის სამუშაოები მიმდინარეობს. 



პროექტზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ჯიტა“ მუშაობს. 

"აქ იქნება ციფრული ტექნოლოგიების მუზეუმი განთავსებული. კოპერნიკის მუზეუმთან არის კავშირი პოლონეთში. „ჯიტას“ ხელმძღვანელი, რამდენიმე ხნის უკან, გახლდათ ვიზიტით პოლონეთში, სადაც შედგა შეთანხმება სწორედ ასეთი სახის მუზეუმის განთავსებაზე",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის დეკემბერში განმარტა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე მუშაოებდნენ. 

"ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად“, - აცხადებდა ღარიბაშვილი.

საკანონმდებლო ორგანო თბილისში ქუთაისიდან 2019 წელს გადაიტანეს. მას შემდეგ პარლამენტის ყოფილი შენობისთვის ფუნქციის მინიჭებასთან დაკავშირებით არაერთი ფუნქცია მოვისმინეთ, მათ შორის საპოლიციო ჰაბისა და საკონფერენციო დარბაზის.


Print