ახალი ამბები
კოლეგის ადევნებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა
FaceBook
თერჯოლის სკოლის პედაგოგს, რომელსაც კოლეგის ადევნებას ედავებოდნენ, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს და უფრო მეტიც, იმედა მეფარიძე სკოლაში მუშაობასაც გააგრძელებს.

ბრალდებული მიიჩნევს, რომ ცილისწამების მსხვერპლია, რადგანაც ვარაუდობს, რომ მის ადგილზე სხვას აქვს ინტერესები.

"ვფიქრობ, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო", - განმარტა იმედა მეფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის ხატია კახიძეს განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ ჰქონდა

„სასამართლომ იმსჯელა და შეუფარდა მას გირაო 2 000 ლარის ოდენობით. ასევე, შუამდგომლობით მოთხოვნა იყო, რომ ბატონი იმედა გადაეყენებინათ დაკავებული თანამდებობიდან, რაც არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ისევ რჩება დაკავებულ პოზიციაზე. ჩვენი მხრიდან უფრო იყო მტკიცებულება წარდგენილი, ვიდრე მათი ხმრიდან. წარმოვადგინეთ სმს-ები, რომ არანაირი სექსუალური ხასიათის და შემავიწროვებელი შეტყობინებები არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი კოლეგიალური სმს-ები“,- განმარტავს ადვოკატი ხატია კახიძე.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. საქმეზე დავა გაგრძელდება, მომდევნო პროცესი 22 მარტსაა ჩანიშნული.

პროკურატურის განცხადებით, 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.


ამავე თემაზე:


Print