ახალი ამბები
"კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ვითარება გაუარესდა. 

ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა "ავრცელებს. 

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

ინდექსში ქულებთან ერთად მოცემულია თანმდევი ანალიზიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება:

"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი "დაბრუნება" აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

მიუხედავად იმისა,  საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა,თუმცა  მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.


Print