ახალი ამბები
რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში - საქსტატი
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.3%-ით მეტია.
ამასთან, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საქსტატის ცნობითვე, გასულ წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.9%-ით მეტია. მათ მიერ 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 75.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთისა (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ განხორციელდა.




ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების 40.4%-ს შეადგენდა.

უწყების ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში დაფიქსირდა (3.0 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი).

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების 72.8% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა.

Print