ახალი ამბები
"თერჯოლის სკოლის პედაგოგი კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას" - პროკურატურა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც აგრძელებდა.

"დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურაცენტრს,’’-ნათქვამია განცხადებაში.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.


Print