ახალი ამბები
ცნობილია, რომელი კომპანია შეიძენს ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელ ავტობუსებს
FaceBook
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დასანიშნი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა.
ის ერთადერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა და რომელმაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 198 408 ლარით ნაკლები დააფიქსირა.

შესაბამისად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსის შესაძენად 1 მილიონ 185 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების მიხედვით, კომპანია „ჯი-თი გრუპს“ არანაკლებ 2023 წლის გამოშვების, ახალი ავტობუსების შემოყვანა ევალება. ავტობუსის სიგრძე არანაკლებ 7500მმ უნდა იყოს, სიგანე კი - 2400მმ. ავტობუსში უნდა იყოს 21 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი მაინც და სივრცე არანაკლებ ერთი შშმ პირის ეტლისათვის. ავტობუსში არანაკლებ 45 მგზავრი უნდა ეტეოდეს.

ამასთან, აუცილებელ მოთხოვნებში მითითებულია, რომ შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

ამ ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანებასა და „ჯი-თი გრუპს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი, დაახლეობით, ორ თვეში (აპრილიდან) აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით (პირიქით), ავტობუსები დაინიშნება.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ორი მუნიციპალური ელექტროავტობუსის დანიშვნას აანონსებს ქუთაისის მერიაც


Print