ახალი ამბები
ქუთაისში ბინას 720 დევნილი ოჯახი მიიღებს - როდემდეა შესაძლებელი დარეგისტრირება
FaceBook
ბინების მისაღებად დევნილებისთვის რეგისტრაცია  ერთი თვით გახანგრძლივდა და 1 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

"დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს,’’ - წერია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.

ქუთაისში  საცხოვრებელ ფართებს დევნილები ნიკეას ქუჩაზე  მდებარე ახლადაშენებულ  კომპლექსში მიიღებენ.  სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი 720 ოჯახზეა გათვლილი. 

ნიკეას ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო და სამი კორპუსის კარკასის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ.

პროგრამის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.


Print